ძებნა
ჩათი
გამოკითხვა
ადამიანებო! გვეშველება რამე?
სულ პასუხი: 764
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები


ნიკოლოზ ბარათაშვილი

"საყურე"

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

1839 წ.

სრულად წაკითხვა...


პაოლო იაშვილი

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

სრულად წაკითხვა...


დემეტრე მეფე (1125-1156)

ღვთისმშობელისანი

ღვთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი

დედა, ქალწული შუენიერი შროშანი,

მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი:
შენგან იშუების მეფე გვირგვინოსანი
და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი.



შენ ხარ ვენახი ახლად აღყუავებული,

მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინებული!

სრულად წაკითხვა...


ლადო ასათიანი

ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ

დაფთაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალისშუქითა.

შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა...

უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე ფიკრობდა,
მოვეწონე თუ არა?!

სრულად წაკითხვა...



ლადო ასათიანი

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

სრულად წაკითხვა...

« 1 2 ... 8 9 10