გოდერძი ჩოხელი
"დედი"


დედი,

რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,

დედი,

როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!

დედი,

ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,

დედი,

ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.

დედი,

როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამ ქვეყნად,

დედი,

ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა ...

უკვდავება რომ დაიწყოს,

ღმერთს მოსურდეს აღწერა,

არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,

ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.

ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,

მაგრამ ერთის არ მჯერა:

სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.