იოსებ ნონეშვილი

”ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია”


მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,

ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
გაშლილი მქონდა ვარსკვლავთა წიგნი, 
ლოდებს არ ედო ხავსი, ვით ფიქრი
და გული თითქოს ჩემებრ უხურდათ...
მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,
ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.

გვიმრის ფოთოლი თუ რტო ვაზისა,
ძელქვაზე ფრთხილად ასული სვია
ისე დავხატე ქვაზე ფაქიზად,
რომ ჩემს სუნთქვაზე იწყებდნენ შრიალს.


და როს დაადგა ღვთის თვალი ტაძარს,
ანგელოსებმაც მარჯვენა მიქეს,
მე ღმერთი ვიყავ და ვიქეც კაცად,
მე კაცი ვიყავ და ღმერთად ვიქეც.

მაგრამ, უცნობო, როს სანთლის შუქი 
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
მე მადლობელი ვიქნები, თუკი
შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.

რადგან მე - უღირსს, ცოდვა რამ მაძევს,
ო, ცოდვა მაძევს მე მეტად დიდი...
როცა ბოლნისის ვარდისფერ ქვაზე
ღვთისმშობლის წმინდა ხატებას ვჭრიდი,

მე თვით არ ვიცი, საიდან გაჩნდა 
ჩემი მიჯნური შემართულ ისრით
და ღვთისმშობელის თვალების ნაცვლად 
როგორ დავხატე თვალები მისი.

მე თვით არ ვიცი, რად დავამგვანე
ეს ჩუქურთმები მის დალალ-კავებს.
და ვგრძნობ: არა არს ქვეყნად თუ ცაში
გულთამხილავის მიუწვდომელი.
წარბს შეჰკრავს რისხვით და ალბათ მაშინ
განკითხვის მძიმე ჟამი მომელის...

და, ჰე... უცნობო, როს სანთლის შუქი
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
მე მადლობელი ვიქნები, თუკი
შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.