დღეს დილით თანამედროების ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური გარდაიცვალა. 39 წლის გომელაური მძიმე ავადმყოფობის ნიადაგზე გარდაიცვალა. საიტის ადმინისტრაციის სახელით მსურს სამძიმარი გამოვუცხადო განსვენებულის ოჯახს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ნიკოს სული.... ნიკოს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

...

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა...





...



დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…