გურამ მგელაძე 

”ნიკო ლორთქიფანიძეს”

 

მე შენ გიყურებ როგორც სტიქიონს,

ვით უზარმაზარ მწვერვალს მთამსვლელი,

 მე გადავფურცლავ კვლავ ,, არიფიონს’’

 კვლავ ვიამაყებთ შენით ქართველნი.

 
თავსაფრიანი დედაკაცების, გულდამწვარების

შვილთ სიუხეშით,

იკლეს წამებმა, იკლეს წამებმა და

გარდავიდნენ მაღლივ ღრუბლებში.

 
შენი ნაღველი, შენი წუხილი,

შენი განცდა და  დანაბარები,

სულისშემძვრელი სიცხადით მიხმობს:

,,ჩაურაზიათ ქვეყნის კარები!’’

 
შენი ანდერძი, ხვეწნა–მუდარა,

მე გულზე მხვდება და სულიც კივის,

–,,გადააფარეთ ჩვენს ერს სუდარა!’’

ხმამაღლა ყვირის, ბღავის და ტირის.

 
თვალცრემლიანი შენი აჩრდილი

კვლავ მომელანდა ღამით გამზირზე,

და მიილია უკვე აპრილი,

ტირის პირიმზე, ტირის პირიმზე.

 
შენი აჩრდილი მე არ მასვენებს,

ნაღველჩამდგარი თვალებით მიმზერ,

შენი ანდერძი არ მომასვენებს,

მე გული მტკივა და მაინც გიმზერ.

 
გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყანა!

ნუ დაივიწყებთ მის სიტკბოსს, ალერსს,

და რაც უფალმა თქვენ მიგიჩინათ,

ისიც იკმარეთ, ისიც იკმარეთ!

 
თუ დიდებული ადამიანი

დაიკარგება უძეგლოდ, უგზოდ,

შენი სახელი, შენი დიდება

არ იკარგება უგზოდ, უნიშნოდ.

 
თუ იგისგან იგი  რჩება

რაც იგიში იგი იყო,

შენი სახეც და დიდებაც

არ იშლება საამისოდ.      

მე შენ გიყურებ როგორც სტიქიონს,

ვით უზარმაზარ მწვერვალს მთამსვლელი,

 მე გადავფურცლავ კვლავ ,, არიფიონს’’

 კვლავ ვიამაყებთ შენით ქართველნი.

 

                                                           10 ნოემბერი 2012 წელი


გურამ მგელაძე

     
 

            ბებერი ტაო ანუ ჩონჩხადქცეული ჩვენი წარსული

 

 

                ტაო–კლარჯეთის ნაოხრალ და გამურულ ალაგს,

        თვალი შევავლე და ტკივილმა გული გამიპო,

               თვალი შევავლე გმირთა სისხლით, ხრიოკით ნავალს

                  და სევდის ტალღამ, თვით დემონმა ცოცხლად წამიღო.

 

                 ჩემი ბედკრული საქართველო ბაირაღებით,

                 დროშის ფრიალით,ორომტრიალით გახედავს წარსულს.

                 და მეციხოვნე ტაოს ჭიშკრის ძველ დამბაჩებით

                 დაშლის, დალეწავს, ძვლებს დაუმსხვრებს წყეულს და ავსულს.

 

                  მე ჩემი ლექსით გამოვდივარ კრწანისის ველზე,

                  ტაოს დარაჯთა სადღეგრძელო მესამედ შევსვი,

                  ტაო–კლარჯეთის ნაოხრალო გემთხვევი მკერდზე

                  და მტრის ჯინაზე ბარბაროსებს  მრავალჯერ ვესვრი.

 

                   შენთან ახლოს ვარ, გთხოვ, სულიერ ძმად დამიგულე!

                   სახეგაპობილ კედლის ცქერით არ დავიღლები.

                   მე თვალს მოგავლებ, აღგიბეჭდავს გრძნობა საგულეს

                   და შენი ლოცვით, შენი ცქერით ცად ავმაღლდები.

 

                   მე ის სიძველე, ის სურნელი, ის არქაიზმი,

                   აღმაგზნებს ძლიერ, თუმცა დარდით მევსება გული,

                   ადრე მხიბლავდა და მათრობდა მე დადაიზმი,

                   მაგრამ აწ უკვე სიძველისკენ ისწრაფვის სული.

 

                    ბებერი ტაო ძველ რაინდულ ჰანგებს ღაღადებს

                    და მორღვეული ეკლესიის ზარი ხმას იღებს,

                    მიყუჩებული ნატაძრალი ლოცვას აღავლენს

                    მე ჩემს სიგიჟის და ვნებების მოვიხდი ნიღბებს.


               
 ტაო–კლარჯეთის ნაოხრალ და გამურულ ალაგს,

                თვალი შევავლე და ტკივილმა გული გამიპო,

                თვალი შევავლე გმირთა სისხლით, ხრიოკით ნავალს

                და სევდის ტალღამ, თვით დემონმა ცოცხლად წამიღო.