გალაქტიონი

"რაც უფრო შორს ხარ"

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

1908