რატი ამაღლობელი

სულეთის მგზავრი



ვერ გავცდი ვეროდეს სიკვდილის მარწუხებს,

ცხოვრება მტანჯავს და სინდისი მაწუხებს.

ვიცი, სიყვარული სიკვდილის ნაპირებს

დამიპირისპირებს, დამიპირდაპირებს.

და თუ გადავლახავ უხილავ მახეებს,

ამჟამად საკუთარ სახეს რომ არ აჩენს,

ჩემს სახელს დავარქმევ ზღურბლის მოდარაჯეს.

მარჯვენას გავუწვდი, რადგანაც ამჯერად

სიკვდილის უმწეო მუქარის არ მჯერა.

თუმც ასგზის დავეცი, მაგრამ აწ თავიდან 

მზის მზითვებს მზის ტახტზე ზვირთებად ავიტან...