ძებნა
ჩათი
გამოკითხვა
ადამიანებო! გვეშველება რამე?
სულ პასუხი: 764
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები


გალაკტიონი

"გულო ოცნებას მალავ"

"გულო ოცნებას მალავ ,
ცაო,ლურჯდება ზოლი.
ვაჟი: -დაიცა,ქალავ?
ქალი: -დაგიბრმა თოლი?
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში,
-არა,-ჩურჩულებს ქალი.
-კარგი!-ამშვიდებს ვაჟი.
გულო ოცნებას მალავ,
ცაო,ლურჯდება ზოლი,
ისევ: -დაიცა ქალავ!
ისევ: -დაგიბრმა თოლი!"

თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ,
ბროლ–ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.

სრულად წაკითხვა...


ქართველებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ! მრავალს დაესწარით ჯანი მრთელი მოგვცეს ღმერთმა მშვიდობა ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში და მთელს საქართველოში! გავმრავლდეთ ! მოვძლიერდეთ ! ფეხზე წამოვდგეთ და მართალ გზაზე მართლად ვიაროთ!.. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს ! 


ყველას გთხოვთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ


აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი..." სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?


ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?


რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მო ... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...


გოდერძი ჩოხელი

"ნატირალი"

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!


სრულად წაკითხვა...


გოდერძი ჩოხელი

კრწანისი

_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის წითელი ყაყაჩო.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
_ შემიშვით! _ ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.

სრულად წაკითხვა...


"მე ვარ საქართველო"

მე ვარ საქართველო,ვარ ღმერთო,რა დიდი!
ვარ ქრისტეს ნაწილი,ვარ სისხლად დაცლილი.
მე ვარ საქართველო და გულში დაჭრილი,
ვარ ცრემლად დაღვრილი,ვარ ომით დაღლილი.
მე ვარ საქართველო,ვარ ცისა და მიწის,
ვარ მუხა აკვნისთვის,ვარ ბუდე არწივის,
მე ვარ საქართველო ვარ ცამდე აზრდილი.
ვარ პირმშო აპრილის,ვარ წრფელი,ბავშვი ვით.
მე ვარ საქართველო, ვარ გრემი,მარტვილი,
ვარ ჯვარი,კრწანისი,ვარ ბევრი ყვავილი.
მე ვარ საქართველო,ვარ თეთრი მანდილი,
ვარ მლოცველ ქალი ვით, ვარ დედა კაი ყმის.
მე ვარ საქართველო, ვარ მტრისთვის შხამი ვით,
ვარ ბასრი ხმალი ვით,ვარ მტკიცე ფარი ვით.
მე ვარ საქართველო, ვარ ძველი,ვაზი ვით,
ვარ ზარი ტაძრისთვის,ვარ რწმენით აღვსილი.
მე ვარ საქართველო,ვარ წმინდა,ხატი ვით,
ვარ ერი ნამდვილი,ვარ ღმერთო,რა დიდი!

სრულად წაკითხვა...



საიტის ადმინისტრაციის სახელით მოგესალმებით... საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ რაც შევქმენი ეს საიტი, ლექსებს ყოველდღიურად ვერ ვდებ, მაგრამ როდესაც საიტს სიახლეს ვმატებ ყოველთვის ვცდილობ გამორჩეული და სასიამოვნო ლექსი შემოგთავაზოთ... ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოთ ამა თუ იმ ლექსის შესახებ კომენტარების საშუალებით... დაწერეთ თუნდაც თქვენი სურვილები იმის შესახებ თუ რომელი ლექსის მოძიება გსურთ და მე შეძლებისდაგვარად დავწერ მათ საიტზე... წინასწარ გიხდით მადლობას და იმედს ვიტოვებ რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ...

პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია

სრულად წაკითხვა...


იოსებ გრიშაშვილი


"შენი ყელი"


შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი 
ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.
არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას:
მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!
მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.

ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი,
რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი.
მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,
რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.

აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.
ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას...
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:
და ლოტნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,
რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,
რომ..ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი.


სრულად წაკითხვა...


იოსებ გრიშაშვილი

"შენ გაირყვნები"
შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად -
და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: ``რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?``
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე, ბედნიერი და უბედური -
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი.


სრულად წაკითხვა...


მუხრან მაჭავარიანი


ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ –
თუნდა ჩამქოლონ...

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.

სრულად წაკითხვა...


მუხრან მაჭავარიანი



საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

სრულად წაკითხვა...

« 1 2 3 4 5 6 ... 9 10 »